პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა დასავლეთის სრულ მობილიზებას მოითხოვს უკრაინის დასახმარებლად. ამის შესახებ მან სეიმში ისაუბრა, სადაც სამოქმედო პროგრამა და ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.
„მე აღარ შემიძლია იმ პოლიტიკოსების მოსმენა, რომლებიც საუბრობენ იმაზე, რომ დაიღალნენ უკრაინაში შექმნილი სიტუაციით. ისინი ეუბნებიან პრეზიდენტ ზელენსკის, რომ დაიღალნენ სიტუაციით“, - თქვა ტუსკმა.
მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმა არის „შეტევა ყველა ჩვენგანზე“. მან მოუწოდა კოლეგებს, ერთხმად ისაუბრონ უკრაინაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ამ საკითხმა პოლონელები უნდა გააერთიანოს.
ტუსკმა ერთის მხრივ, აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პოლონეთის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, მეორეს მხრივ, თქვა, რომ ვარშავა დაჟინებული უნდა იყოს, როდესაც საქმე ეხება პოლონელი ფერმერების ინტერესებს.
"მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რისთვის მიმდინარეობს ომი! რომ უკრაინელები იბრძვიან რაღაც ძალიან მნიშვნელოვანისთვის, რომ მათი ბრძოლა დაიწყო მაიდანზე, რომ ისინი იბრძვიან დასავლური სამყაროს საზოგადოებაში გასაწევრიანებლად. მათ სურთ, რომ უკრაინა იყოს დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფო დასავლეთის ქვეყნების მსგავსად და ისინი ახლა ამისთვის იბრძვიან“, - ხაზგასმით აღნიშნა ტუსკმა.
მან ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე საათში მიემგზავრება ბრიუსელში იმედით, რომ დაარწმუნებს მოკავშირეებს, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და უკრაინა რუსული აგრესიისგან.
"მხოლოდ ერთიან დასავლეთს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას დემოკრატიული ღირებულებებისთვის ბრძოლაში გამარჯვებაში", - შეაჯამა ტუსკმა.