აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ვენესუელაში "სანქცირებულ ნავთობის ხომალდების" შესვლაზე ბლოკადას აწესებს. მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს რეჟიმი გამოცხადებულია ტერორისტულ ორგანიზაციად.
ტრამპის თქმით, ვენესუელის გარშემო საზღვაო ძალების რიცხვი გაიზრდება, თუ მადუროს რეჟიმი აშშ-ს "არ დაუბრუნებს" ნავთობს, მიწას და სხვა სახის აქტივებს. გაურკვეველია თუ რას გულისხმობს ტრამპი სიტყვა "დაბრუნებით" და რა სახის პრეტენზია აქვს აშშ-ს ამ ჩამონათვალზე.
"ვენესუელა სრულად გარშემორტყმულია უდიდესი არმადით, რომელიც სამხრეთ ამერიკის ისტორიაში შეუკრებიათ. ის მხოლოდ გაიზრდება და მათი შოკი იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არ უნახავთ, მანამ, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებენ მთელ ნავთობს, მიწას და სხვა აქტივებს, რომლებიც მათ აქამდე ჩვენგან მოიპარეს.
მადუროს არალეგიტიმური რეჟიმი ნავთობის საბადოებიდან მოპარულ ნავთობს იყენებს საკუთარი თავის დასაფინანსებლად, ნარკოტერორიზმისთვის, ადამიანთა ტრეფიკინგისთვის, მკვლელობისთვისა და გატაცებებისთვის. ჩვენი აქტივების მოპარვისთვისა და სხვა მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის ტერორიზმისთვის, ნარკოტიკების კონტრაბანდისთვისა და ადამიანთა ტრეფიკინგისთვის, ვენესუელის რეჟიმი გამოცხადებულია უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად. შესაბამისად, დღეს, მე გავცემ ბრძანებას აბსოლუტურ და სრულ ბლოკადაზე ყველა სანქცირებული ნავთობის ტანკერისთვის, რომელიც ვენესუელაში შედის და გამოდის.
არალეგალურ უცხოელებსა და კრიმინალებს, რომლებიც მადუროს რეჟიმმა შეერთებულ შტატებში ბაიდენის სუსტი და უსუსური ადმინისტრაციის დროს გამოგზავნა ვენესუელაში სწრაფი სიჩქარით ვაბრუნებთ. ამერიკა არ მისცემს უფლებას კრიმინალებს, ტერორისტებს ან სხვა ქვეყნებს, რომ გაძარცვონ, დაემუქრნონ ან ზიანი მიაყენონ ჩვენს ქვეყანას და, შესაბამისად, არ მისცემს უფლებას მტრულ რეჟიმებს მიიღონ ჩვენი ნავთობი, მიწა ან სხვა აქტივი, ყველაფერი, რაც შეერთებულ შტატებს დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს." - დაწერა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.








