აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატმა წევრებმა ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები, მათ შორის 19 ფოტო გამოაქვეყნეს.
გამოქვეყნებულ ფოტოებზე აღბეჭდილ ადამიანებს შორის არიან:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი
Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი
ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, რომელიც ცოტა ხნის წინ ცნობილი იყო, როგორც პრინცი ენდრიუ, გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის შუათანა ვაჟი
მსახიობი და რეჟისორი ვუდი ალენი
ბრიტანელი მეწარმე რიჩარდ ბრენსონი
ამერიკელი ეკონომისტი ლარი სამერსი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა
ადვოკატი ალან დერშოვიცი
ტრამპი და ეპშტეინი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ, თუმცა, ტრამპის თქმით, 2000-იანი წლების შუა პერიოდში მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
ტრამპმა არაერთხელ უარყო ეპშტეინის დანაშაულებში მისი შესაძლო მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა, დემოკრატმა კონგრესმენმა რობერტ გარსიამ განაცხადა, რომ ეპშტეინის ფოტოარქივი 95 000-ზე მეტ სურათს შეიცავს და დემოკრატები აპირებენ ყველა მათგანის გადახედვას.
მან თქვა, რომ ახალი მასალები ეტაპობრივად გამოქვეყნდება "უახლოეს დღეებსა და კვირებში".
ეს ფოტოები არ არის ე.წ. "ეპშტეინის ფაილების" ნაწილი, რომელთა გამოქვეყნებასაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი 19 დეკემბრისთვის გეგმავს.




