ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
დონალდ ტრამპის თქმით, ის იმედოვნებს, ირანი გააგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ.
„ირანს არ შეუძლია, ჰქონდეს ბირთვული ბომბი და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ“, – განუცხადა მან Fox News-ს.
შეგახსენებთ: ისრაელში რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. ირანში ადასტურებენ, რომ იერიშის შედეგად, დაღუპულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამიც. ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა თქვა, რომ ისრაელი და აშშ მძიმე საფასურს გადაიხდიან. ისრაელს მკაცრი სასჯელით დაემუქრა ირანის სულიერი ლიდერიც. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.