აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არიან პასუხისმგებლები.

ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს „პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომი აზრადაც არ მოსვლია“. აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ჯო ბაიდენს შეეძლო ომის შეჩერება „ნავთობის ფასების შემცირებით“, თუმცა ტრამპის თქმით, მან ეს არ გააკეთა.

„ახლა რა უნდა გავაკეთოთ? გვყავს ქვეყანა, რომელმაც დაკარგა თავისი ტერიტორიის 25 პროცენტი და საუკეთესო ადგილები, სადაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა… ეს იყო ბაიდენის ომი და მე ვცდილობ მის შეჩერებას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჯო ბაიდენსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის შეჩერება შეეძლოთ, თუმცა ვლადიმერ პუტინს ომი არ უნდა დაეწყო.

„ყველა დამნაშავეა. პუტინი ნომერი პირველი. ბაიდენი, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა, ნომერი ორი. ზელენსკი. ყველაფერი, რისი გაკეთებაც შემიძლია, არის ამის შეჩერების მცდელობა. მე მინდა, შევაჩერო მკვლელობები. ვფიქრობ, ამ მხრივ კარგად ვართმევთ თავს. ვფიქრობ, ძალიან მალე გექნებათ ძალიან კარგი წინადადებები. არ ვამბობ, რომ ვინმე ანგელოზია, მაგრამ გეტყვით, რომ მე ოთხი წელი ვიყავი პრეზიდენტი და ეს საკითხი არც კი დამდგარა“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პრეზიდენტ ზელენსკის Patriot-ის რაკეტების სისტემების შესყიდვის შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, ის მუდმივად ცდილობს რაკეტების შეძენას. როცა ომს იწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ შეგიძლიათ ომის მოგება, არა? არ იწყებთ ომს ვიღაცის წინააღმდეგ, ვინც თქვენზე 20-ჯერ დიდია და შემდეგ იმედოვნებთ, რომ ვიღაც რაკეტებს მოგცემთ“.

თარგმანი: პირველი არხი