აშშ-ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის დადასტურების შემდეგ ირანი ახლო აღმოსავლეთში ისრაელისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით რაკეტებისა და დრონების გაშვებას განაგრძობს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ "ისლამური რესპუბლიკის ისტორიაზე ყველაზე დამანგრეველ თავდასხმით ოპერაციას" იწყებდა, თუმცა, ტრამპი უპრეცედენტო ძალის გამოყენებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ ირანი თავდასხმით ოპერაციას დაიწყებს. 

"ახლახან ირანმა განაცხადა, რომ დღეს ძალიან ძლიერ დარტყმებს დაიწყებენ, იმაზე უფრო ძლიერს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მათთვის აჯობებს, ასე არ ქნან, რადგან თუ ამას იზამენ, ჩვენ დავარტყამთ ისეთი ძალით, რაც მათ არასდროს უნახავთ." - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

მანამდე ირანის სამთავრობო მედიამ დაადასტურა აშშ-სა და ისრაელის მიერ გავრცელებული ცნობა ხამენეის დაღუპვის შესახებ, რის შემდეგაც ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რეჟიმი "ყველა სცენარისთვის" არის მზად, მათ შორის, უზენაესი ლიდერის სიკვდილისთვისაც. 

ამავდროულად, ირანმა 40-დღიანი გლოვის პერიოდი გამოაცხადა, ხოლო ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა თქვა, რომ აიათოლას მკვლელობის შემდეგ გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რის ფარგლებშიც, "მალევე შეიქმნება ლიდერების დროებითი საბჭო".

ლარიჯანის თქმით, მომდევნო ლიდერის გამოცხადებამდე ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლები ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მცველთა საბჭოს იურისტი იქნებიან.