აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში ჩხრეკის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა.
ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლის მუზეუმში ვიზიტისას განუცხადა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის „ჯონ ბოლოტონის ფანი არ არის“.
როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის ელოდება, რომ იუსტიციის დეპარტამენტი მას ინფორმაციას, სავარაუდოდ, დღის განმავლობაში მიაწვდის. ამავე დროს, ის ამბობს, რომ ამის შესახებ რამის ცოდნა არ სურს, ეს არ არის აუცილებელი.
„ის, შესაძლოა, ძალიან არაპატრიოტი ადამიანი იყოს. ჩვენ გავარკვევთ. მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ამ დილით ვიხილე, რომ ჩხრეკას ატარებდნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
მერილენდში ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სახლში გამოძიების ფედერალური ბიურო ჩხრეკას ატარებს. ბიუროს თანამშრომლები ასევე იმყოფებიან ვაშინგტონში ბოლტონის ოფისში. ამერიკული მედიის ცნობით, ჩხრეკა საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის გამოძიების ფარგლებში ტარდება.
ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებდა, თუმცა მოგვიანებით მისი კრიტიკოსი გახდა. ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2020 წელს ჯონ ბოლტონს ადანაშაულებდნენ, რომ მისი მემუარები, რომელიც ტრამპის მთავრობაში მის მუშაობას ეხებოდა, საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. თავის მხრივ, ბოლტონი აცხადებდა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მის გაჩუმებას ცდილობდა.
თარგმანი: პირველი არხი