აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ ვიტკოფი ოთხშაბათს, 6 აგვისტოს, მოსკოვში ჩავა.

თეთრ სახლში გამოსვლისას ამერიკელმა ლიდერმა დაადასტურა დასავლური მედიის ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებები დღეს იყო დაგეგმილი. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა ყველაზე მეტად მუშაობს უკრაინაში ომის დასასრულებლად, რადგან მან „რამდენიმე დღეში“ „სხვა ომების“ შეჩერება მოახერხა:

„ხვალ რუსეთთან შეხვედრები გვექნება. ვნახოთ, რა მოხდება... აშშ მოგვიანებით გადაწყვეტს, დააწესებს თუ არა ფართომასშტაბიან ტარიფებს რუსეთსა და მის სავაჭრო პარტნიორებზე და ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ხვალინდელ მოლაპარაკებებზე მოსკოვში“.- განაცხადა ტრამპმა.   

ამერიკის პრეზიდენტს ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ინდოეთის განცხადებაზე, რომ ნიუ-დელი არ შეწყვეტს რუსული ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტს, რადგან ამერიკა აგრძელებს რუსეთიდან ურანის, ქიმიკატების და სასუქების შეძენას. მან უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა.