ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის თანამდებობის დაკავებისთანავე 2021 წლის 6 იანვარს კონგრესის შენობაზე მომხდარი თავდასხმის გამო ბრალდებულების შეწყალებას გეგმავს.
NBC-ის Meet the Press-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ კაპიტოლიუმის შტურმის გამო მსჯავრდადებულთა საკითხს თეთრ სახლში დაბრუნებიდან "პირველივე დღეს" შეეხება.
კითხვაზე თუ როგორ მოიქცევა იმ მსჯავრდადებული მხარდამჭერების საკითხთან დაკავშირებით, რომლებმაც აღიარეს პოლიციელებზე თავდასხმა, მან თქვა, რომ მათ "სხვა არჩევანი არ ჰქონდათ" და მათ "ძალიან კორუმპირებული სისტემის მსხვერპლი" უწოდა.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. შტურმის დროს აშშ-ს კონგრესი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ოფიციალურად ამტკიცებდა. კონგრესის შენობაში შეჭრის და არეულობის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაშავდა 100-ზე მეტი. ტრამპი სოციალური ქსელებში დაბლოკეს.
კაპიტოლიუმზე თავდასხმის წახალისებაში ბრალი თავად ყოფილ პრეზიდენტს დასდეს, რის გამოც, უკვე მეორედ, მოეწყო მისი იმპიჩმენტის პროცესი. დონალდ ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. 14 თებერვალს აშშ-ს სენატმა იმპიჩმენტის პროცესში ტრამპის მსჯავრდადებას მხარი არ დაუჭირა.