რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) გავრცელებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და უკრაინას ბირთვული იერიშებით ემუქრება.

აქამდე СВР-ში ყოველგვარი დამადასტურებელი საბუთის გარეშე ირწმუნებოდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემას გეგმავენ.

მედვედევის თქმით, СВР-ის ინფორმაცია "რადიკალურად ცვლის სიტუაციას". ის ბირთვული იერიშებით იმუქრება.

"ეჭვის ნატამალიც არ უნდა არსებობდეს, რომ რუსეთს, მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, მოუწევს გამოიყენოს ნებისმიერი, მათ შორის არასტრატეგიული ბირთვული იარაღი უკრაინაში მდებარე სამიზნეებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში კი - იმ მიმწოდებელ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსეთთან ბირთვული კონფლიქტის თანამონაწილეები ხდებიან. ეს არის ის სიმეტრიული პასუხი, რომლის უფლებაც რუსეთის ფედერაციას აქვს." - თქვა მედვედევმა.

СВР-ის განცხადებაში ირწმუნებოდნენ, რომ "ბრიტანული და ფრანგული ელიტები არ არიან მზად შეეგუონ დამარცხებას" და გეგმავენ უკრაინის ბირთვული იარაღით შეიარაღებას, რათა "კიევს საბრძოლო მოქმედებების დასრულების უფრო მეტად მოგებიანი პირობები ჰქონდეს, თუ ექნება ატომური ან, სულ მცირე, ე.წ. "ბინძური" ბომბი".