რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ ნავალნის ცხედარი მორგში არ არის, სადაც ოფიციალური პირები ამტკიცებდნენ, რომ იყო.
როგორც მან აღნიშნა, ნავალნის დედა და ადვოკატი მივიდნენ მორგში, სალეხარდში, ციხესთან ახლოს, მაგრამ ის დაკეტილი დახვდათ.
"ადვოკატმა კარზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე დარეკა. მას უთხრეს, რომ ის მეშვიდე იყო, ვინც დღეს დარეკა. მორგში ალექსეის ცხედარი არ არის". - წერს იარმიში.
მისივე თქმით, ნავალნის კიდევ ერთი ადვოკატი მივიდა სალეხარდის საგამოძიებო კომიტეტში, სადაც უთხრეს, რომ "განმეორებითი ჰისტოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა" და რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც იარმიშმა აღნიშნა, ანალიზის შედეგები, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იქნება.
ამასთან, ნავალნის სპიკერის თქმით, ჯერ კიდევ ერთი საათის წინ ადვოკატებს "გამოძიების" დასრულების შესახებ შეატყობინეს და ბიოლოგიური სიკვდილით გარდაცვალების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
"ფაქტობრივად, ისინი ყოველ ჯერზე იტყუებიან, წრეებზე გვატარებენ და კვალს ფარავენ". - თქვა მან.
მოგვიანებით იარმიშმა სოციალურ ქსელში ასევე დაწერა: "ახლა საგამოძიებო კომიტეტი პირდაპირ ამბობს, რომ ალექსეის ცხედარს მის ახლობლებს გამოძიების დასრულებამდე არ გადასცემენ".