დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სანქციები დააწესა იმ კოლონიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი დაიღუპა,– იუწყება დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდი.
სანქციების სიაში მოხვდნენ კოლონიის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ვადიმ კალინინი და მისი მოადგილეები: სერგეი კორჟოვი, ვასილი ვიდრინი, ვლადიმერ პილიპჩიკი, ალექსანდრე გოლიაკოვი და ალექსანდრე ობრაზცოვი. მათ დიდ ბრიტანეთში შესვლა ეკრძალებათ და მათი ქონება დაყადაღდება.
აღნიშნულია, რომ ყველა ამ პიროვნებას ეკისრება პასუხისმგებლობა ნავალნის მიმართ მძიმე მოპყრობაზე, რამაც სავარაუდოდ, მისი სიკვდილი გამოიწვია.
დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დააწესა პოლიტიკოსის სიკვდილის შემდეგ.
ცნობილია, რომ 23 თებერვალს აშშ გამოაცხადებს სანქციებს. გერმანიაც გამოვიდა სანქციების დაწესების მოწოდებით და როგორც დაანონსდა, ევროკავშირი მუშაობს ამ საკითხზე.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა. უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს. ცხედარს ოჯახს ამ დრომდე არ აჩვენებენ.