უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთთან შერიგება მომდევნო ასი წლის განმავლობაში არ იქნება. მისივე თქმით, პუტინი რუსეთის მოქალაქეებს გრძელვადიანი ომისთვის ამზადებს. მან გერმანულ გამოცემა Focus-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინელები ასეთი სცენარისთვის მზად არ იქნებიან ასი წლის შემდეგაც, რადგან რუსეთი ამისთვის შინაგანად უნდა შეიცვალოს.
„შერიგება, თანამშრომლობა - არა, არც უახლოეს ას წელში, რუსეთი ჯერ უნდა შეიცვალოს, გახდეს დემოკრატიზირებული, დემილიტარიზირებული და დენუკლეარიზირებული“, - განაცხადა შმიგალმა.
მან ასევე დაასახელა ერთადერთი კომპრომისი, რომელზედაც უკრაინის მთავრობა მზად იქნება წავიდეს - ეს არის უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა. მანვე აღნიშნა, რომ ამისთვის რუსებმა უნდა შეწყვიტონ აგრესია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.
„უკრაინას ვერ ექნება კომპრომისი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ათასობით ჩვენი მოქალაქე არ დაღუპულა იმისთვის, რომ მოგვენახა კომპრომისი სისხლიან ტერორისტებთან და აგრესორებთან, რომლებიც აშანტაჟებენ მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა შმიგალმა.
ამასთან, მან გამორიცხა ბრძოლის შეწყვეტა უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ ხარჯზე. შმიგალს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ აგრესორის სასარგებლოდ იმოქმედებს და მოახდენს სხვა, კიდევ უფრო მასშტაბური ომის პროვოცირებას, შმიგალის თქმით, ეს უკრაინისთვის მიუღებელია.