უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინელები წყალმომარაგების გარეშე დატოვოს.
„ათასობით კუბურ მეტრ წყალს ვკარგავთ იმის გამო, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის რაბის საკეტები ნაწილობრივ დაზიანდა და შემდეგ [რუსებმა] განზრახ გახსნეს. ზოგიერთი დასახლება, რომელიც წყალს მდინარე დნიპროდან იღებს, შესაძლოა სასმელ წყალზე წვდომის გარეშე დარჩეს“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ატომური ელექტროსადგურებისთვის საფრთხე კიდევ უფრო დიდია.
„საცავში წყლის დონის დაცემამ შეიძლება გამოიწვიოს გაგრილების სისტემების არასათანადო მუშაობა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე“, - განაცხადა მან.