დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური აფასებს პარტიზანების მიერ რუსეთის ბელგოროდის ოლქზე ბოლო ათ დღეში მეორე შეტევით გამოწვეულ ვითარებას და აღნიშნავს, რომ "პარტიზანების რეიდის გამო ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოდან".
მისი ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ქალაქ ბელგოროდზეც.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის ძალებმა როგორც ჩანს, შეტევის შესაჩერებლად წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწიეს, ვიდრე წინა თავდასხმის დროს, თუმცა ამისთვის დასჭირდათ საბრძოლო საშუალებების მთელი სპექტრის, მათ შორის მძიმე სარაკეტო დანადგარების და ვერტმფრენების გამოყენება.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის სარდლობა სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა - თავდაცვა გააძლიეროს უკრაინასთან მოსაზღვრე რეგიონებში, თუ პოზიციები - უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.