რუსეთი 2023 წლის განმავლობაში უკრაინის ომში მონაწილეობის მისაღებად 400 000-მდე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის დაკომპლექტებას გეგმავს. ამის შესახებ Bloomberg, წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამით კრემლი მორიგი იძულებითი მობილიზაციის თავიდან აცილებას მოელის. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადების ფონზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ სურს მობილიზაციის განახლება, რადგან ამან "მოსახლეობის ნდობა შეარყია."
Bloomberg წერს, რომ კონტრაქტორების დაქირავების კამპანია უკვე დაწყებულია და რეგიონულმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს კვოტები და დაიწყეს ინფორმაციის გაგზავნა პოტენციური მოხალისეებისთვის. უპირველეს ყოვლისა, საკონტრაქტო სამსახურს სთავაზობენ სოფლის მცხოვრებლებს და ომების ვეტერანებს.
ამასთან, სააგენტოს რამდენიმე წყარო აღიარებს, რომ 400 000 საკონტრაქტო ჯარისკაცის მოზიდვა მიუღწეველია. მობილიზაციის დროს რუსეთის ხელისუფლებამ 300 ათასამდე ადამიანი გაიწვია.