ევროკომისია მისი წევრი ქვეყნების გავლით უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების სუბსიდირებას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის ღირებულების მხარდაჭერის საკითხი პოლონეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და ბულგარეთის, ასევე ევროკავშირისა და უკრაინის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებზე განიხილება.
გამოცემის ცნობით, სუბსიდიის სავარაუდო ღირებულება შეიძლება დაახლოებით 30 ევრო იყოს ტონა მარცვლეულზე.
წლის დასაწყისში, უკრაინის მოსაზღვრე ევროკავშირის წევრმა ხუთმა ქვეყანამ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე დროებითი აკრძალვა დააწესა უკრაინული მარცვლეულის გაყიდვაზე, რადგან ადგილობრივი ფერმერები მათ ბიზნესზე უარყოფით გავლენას უჩივიან.
ხუთი ქვეყანა მიზნად ისახავს უზრუნველყოს, რომ პოტენციურ სუბსიდიებს თან ახლდეს გადაწყვეტილება აკრძალვის 2023 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ. მოქმედი წესები არ ვრცელდება მათ ტერიტორიაზე ტრანზიტულ საქონელზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს არ უჭერს 15 სექტემბრის შემდეგ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის ემბარგოს გაგრძელებას და პოლონეთის ცალმხრივი ნაბიჯების შემთხვევაში ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა კონტრზომებს მიმართოს.