აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ახალი სანქციების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ დამატებითი ზომების განხილვას აგრძელებენ. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლების ორ ოფიციალურ პირს - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად „ხარება“ ხარაზიშვილს და მის ერთ-ერთ მოადგილეს მილერი ლაგაზაურს სანქციები დაუწესა „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობრივი რეაგირებისას ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში მონაწილეობისთვის. ასევე, ჩვენ სანქციებს ვუწესებთ ექსტრემისტული ჯგუფის ორ ქართველ ლიდერს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის, მათ შორის ქართველებზე, რომლებიც მშვიდობიანი შეკრების უფლებას იყენებდნენ, ძალადობრივი თავდასხმებისთვის.
ამასთან, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დამატებით ზომებს იღებს. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, კორუფციაში ჩართული ბიზნესმენები, პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, სამართალდამცველები, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და საპასუხო დამატებითი ზომების განხილვას გავაგრძელებთ. აშშ მხარს უჭერს ქართველების შეკრების, გამოხატვისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლებას ძალადობის, დაშინებისა დ ჩახშობის შიშის გარეშე", – ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.