აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთსი მოგზაურობა დაასრულა. შუამავლობის ინტენსიური მცდელობები საკმარისი არ აღმოჩნდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის, - წერს საინფორმაციო სააგენტო „გარდიანი".
შეთანხმება „უნდა დაიდოს და ეს უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში" - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს დოჰიდან ვაშინგტონში გამგზავრების წინ და კვლავ მოუწოდა „ჰამასს", მიიღოს „შუალედური შეთავაზება" შეთანხმებისთვის, რასაც, მისი თქმით, ისრაელი დათანხმდა. მან ორივე მხარეს შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა სთხოვა.
„ჩვენი გზავნილი მარტივი, გასაგები და გადაუდებელია. შეთანხმება უახლოეს დღეებში უნდა იქნეს მიღებული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინიშამდე გავიდეთ, შეერთებული შტატები იმედს ამყარებს კონფლიქტის მხარეებს შორის წინააღმდეგობების შემცირების მიზნით მომზადებულ ხიდის როლის მქონე წინადადებებზე", - განაცხადა ბლინკენმა.
აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის მხარეები შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას ბლინკენთან შედარებით ბევრად უფრო პესიმისტურად უყურებენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, იგი „არ არის დარწმუნებული, რომ შეთანხმება დაიდება".
შეერთებულ შტატებს ისრაელზე ადექკვატური ზეწოლა არ მოუხდენია. ე.წ. გარდამავალი წინადადება "საშინელი გარიგებაა პალესტინელებისთვის" და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ჰამასი" შეიძლება დათანხმდეს მის მიღებას, ისრაელის დაბომბვებისგან რამდენიმე კვირით შესვენებაა, - ამბობს „ალ ჯაზირასთან" საუბარში დოჰას უნივერსიტეტის პროფესორი მოჰამედ ელმასრი.
ბლინკენის კომენტარები მოგზაურობის დასასრულს მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა იმ ოპტიმიზმს, რომელიც გამოთქმული იყო აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლების მიერ მოგზაურობის დაწყებამდე, - წერს გერმანული გამოცემა tagesschau.