ისრაელის პრემიერ–მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში მისი მრჩევლების რონ დერმერისა და ცაჰი ჰენეგბის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ვეტო არ დაადო.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.
„ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ეს იმედგამაცრუებელია“,– თქვა თეთრი სახლის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
„ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი ვაშინგტონში არ ჩამოვლენ, რათა რაფაჰში ოპერაციის ეფექტური ალტერნატივების შესახებ მნიშვნელოვანი საუბარი გვქონოდა“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.