ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე პერიოდში რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"წვრთნების დროს გამოყენებული იქნება ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალების და საჰაერო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი".
ბელარუსის ტერიტორია და ქვეყანაში მდებარე აეროდრომები პერიოდულად გამოიყენება უკრაინაზე სარაკეტო და საავიაციო თავდასხმებისთვის.
ბოლო 2 თვის განმავლობაში ბელარუსში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შემადგენლობა მუდმივად იზრდება - 28 დეკემბრის მონაცემებით ბელარუსის ტერიტორიაზე 10 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული.
დღეს, 8 იანვარს ბელარუსში რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 9 ვერტმფრენი ჩავიდა, მოსალოდნელია რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმილ წვრთნებში.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა კიევზე ხელახალი იერიშისთვის საკმარისი არ არის.