Axios-ის ინფორმაციით, გავლენიანმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა, უკრაინას NATO-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული უსაფრთხოების გარანტია მისცეს, რომელსაც აშშ-ს კონგრესიც მიიღებს და იურიდიულად სავალდებულო იქნება.

"ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც არ იქნება, ერთი მხრივ, ცარიელი ჩეკი, მაგრამ, მეორე მხრივ, საკმარისად მტკიცე იქნება. ჩვენ მზად ვართ, ეს კონგრესსაც გავუგზავნოთ კენჭისყრისთვის." - განუცხადა Axios-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. 

მან ასევე განმარტა, რომ მშვიდობაზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და რეკონსტრუქციაზე სამი სხვადასხვა შეთანხმება იქნება. 

"ამჟამინდელი წინადადების მიხედვით, ომი დასრულდება ისე, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, მიიღებს ყველაზე ძლიერ და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიას, რაც კი ოდესმე მიუღია და მოიპოვებს ძალზე მნიშვნელოვან კეთილდღეობის პაკეტს." - თქვა მაღალჩინოსანმა.