ამერიკის დელავერის შტატში დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილის 53 წლის ჰანტერ ბაიდენის სასამართლო პროცესი, რომელსაც 2018 წელს ნარკოტიკების სავარაუდო ზემოქმედების ქვეშ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებით ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს.
აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟი სასამართლოში 3 ივნისს, ორშაბათს დილით მივიდა. მოგვიანებით მას პირველი ლედი ჯილ ბაიდენი შეუერთდა. თავად პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე არ იმყოფებოდა, თუმცა ცალკე განცხადებაში შვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და სასამართლო პროცესის შეფასებაზე უარი თქვა.
ბაიდენს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ცრუ განცხადებებთან დაკავშირებით ორი მუხლით წარუდგინეს, ხოლო მის წინააღმდეგ წარდგენილი დამატებით ერთი ბრალდება ნარკოტიკებზე დამოკიდებულების დროს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობას გულისხმობს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში, დელვერის იარაღის მაღაზიაში ბაიდენმა Colt Cobra Special-ის ტიპის რევოლვერის შეძენის დროს წარდგენილ, ფედერალური მანდატით დადგენილ ფორმებში იცრუა. მან დოკუმენტებში ჩაწერა, რომ არ იყო სტიმულანტების, ნარკოტიკების ან სხვა კონტროლირებადი ნივთიერების უკანონო მომხმარებელი, მაშინ, როცა რეალურად კოკაინზე იყო დამოკიდებული.
ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი სამივე ბრალი ერთობლივად მაქსიმუმ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.