ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი ოთხშაბათს მიუნხენის აეროპორტში დააკავეს.
მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან ძვირად ღირებული საათის დეკლარირება არ განახორციელა. მას საბაჟოზე რამდენიმე საათის გატარება მოუწია და საბაჟო წესების დარღვევისთვის 35 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა გადაიხადა.
Bild-ის ცნობით, შვარცენეგერი მიუნხენიდან ავსტრიის სათხილამურო კურორტ კიცბიჰელში მიემგზავრებოდა, სადაც ხვალ კლიმატის საერთაშორისო სამიტი გაიხსნება. ხუთშაბათს სამიტის ფარგლებში დაგეგმილია აუქციონი, რომელზედაც შვარცენეგერი თავისი საათების გასაყიდად გატანას აპირებს. აუქციონიდან შემოსული თანხა მოხმარდება კლიმატის დაცვის ინიციატივებს.
საათი სპეციალურად მისთვის შვეიცარიული კომპანია Audemars Piguet-ის მიერ ერთ ეგზემპლარად დამზადდა. ის კლასიფიცირდება როგორც ფუფუნების ნივთი და ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას. თავად შვარცენეგერი მათ 20 ათას ევროდ აფასებდა, მაგრამ Piguet საათების ფასები ჩვეულებრივ გაცილებით მაღალია. სტანდარტული მოდელებიც კი შეიძლება ღირდეს 60 ათასი ევროდან რამდენიმე ასეულ ათასამდე.
ჯარიმის და საფასურის გადახდის შემდეგ შვარცენეგერმა შეძლო მოგზაურობის გაგრძელება. საათი მას დარჩა და ხუთშაბათს აუქციონზე გაიყიდება.