არიზონის შტატის უზენაესმა სასამართლომ აღადგინა აბორტის შესახებ 1864 წლის კანონი, რომელიც კრძალავს აბორტის პროცედურას, გარდა დედის სიცოცხლის გადარჩენის შემთხვევისა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

არიზონის შტატის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ იმის გამო, რომ აბორტის ფედერალური უფლება გაუქმდა, არ არსებობს ფედერალური ან შტატის კანონი, რომელიც ხელს შეუშლის არიზონის შტატს აბორტის აკრძალვის შესახებ კანონი კვლავ აამოქმედოს.

„1864 წლის კანონი ახლა აღსრულებადია“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

1864 წლის კანონის თანახმად, ნებისმიერს, ვინც აბორტს გააკეთებს, ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაემუქროს.

არიზონის შტატის უზენაესმა სასამართლომ ამ ეტაპზე შეაჩერა თავისი გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნა ქვემო ინსტანციის სასამართლოს დამატებითი არგუმენტების მოსასმენად.