ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თუ არ იქნება მიღწეული, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ დაწერა. ანტონიუ კოშტა დღეს „მსურველთა კოალიციის“ ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობდა.

„ტრანსატლანტიკური ერთიანობა ამ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. როგორც „მსურველთა კოალიციის“ დღევანდელ შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ. უკრაინის სუვერენული უფლება, განსაზღვროს მშვიდობის პირობები, უნდა იყოს დაცული.

ჩვენ მივესალმებით შეერთებული შტატების მზაობას, მონაწილეობა მიიღოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში – მომავალი რუსული აგრესიის შესაკავებლად და უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ერთად უზრუნველსაყოფად. ევროპა მზადაა, შეასრულოს თავისი როლი“, – წერს ანტონიუ კოშტა.