აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს არ იტყვის უკრაინის მხარდაჭერაზე, რადგან ის თავს იცავს რუსული აგრესიისგან. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდამ აღნიშნა, რომ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას, როგორც "მებრძოლად დაბადებულს," უყვარს ბრძოლა და არ უყვარს წაგება, როგორც ეს აშშ-ის ბოლო არჩევნებმა აჩვენა. მან ასევე არაერთხელ ისაუბრა ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა რესურსების ეფექტურად ხარჯვის მნიშვნელობაზე.

"თუ გაითვალისწინებთ, რა მასშტაბის ინვესტიცია ჩადო შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, რა გიგანტური თანხები გადაირიცხა უკრაინაში სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობის, ფინანსური დახმარების სახით, რათა უკრაინა გადარჩეს და დაიცვას თავი, ჩემი დასკვნა ნათელია. ვერ წარმომიდგენია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციას უკრაინის განადგურების საშუალებას მისცემს. ეს არის ამერიკელი გადასახადების გადამხდელების თანხების პატივისცემის საკითხი, ასევე ამერიკის ჩართულობის და არ წაგების საკითხი," - ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დუდას კარგი პირადი ურთიერთობა აქვს ტრამპთან. მისი თქმით, დუდა უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებში ვიზიტს გეგმავს არჩეულ პრეზიდენტთან შესახვედრად.