უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინა ითხოვს მყარ და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს და არ მიიღებს არანაირ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანას სუსტსა და დაუცველს დატოვებს.
„რუსეთის მოთხოვნები და ულტიმატუმები უცვლელი რჩება მრავალი წლის განმავლობაში. რუსეთს სურს, შეზღუდოს უკრაინის არმია, თავდაცვითი შესაძლებლობები, პარტნიორების სამხედრო დახმარება და დაბლოკოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. ყველა ამ მოთხოვნას აქვს ერთი საერთო ნიშანი: მოსკოვს სურს, მიიღოს სუსტი, დაუცველი უკრაინა. საქმე არ ეხება ნატო-ს ან უსაფრთხოების საკითხებს, საქმე ეხება რუსეთის შესაძლებლობას, მოგვიანებით გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, დაიპყროს მისი ტერიტორიები, ხელში ჩაიგდოს მისი წიაღისეული, გამოიყენოს მისი ადამიანური და სხვა პოტენციალი შემდგომი აგრესიისთვის“, – დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს, ისარგებლოს ამჟამინდელი გეოპოლიტიკური იმპულსით.
„ჩვენ ვხედავთ რუსეთის ამ სტრატეგიას და არასდროს მივიღებთ რაიმეს, რაც უკრაინას სუსტს ან დაუცველს გახდის. პირიქით, ნამდვილი და სამართლიანი მშვიდობა მოითხოვს მყარ და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს მის შესანარჩუნებლად“, – დაწერა სიბიგამ.
თარგმანი: პირველი არხი