ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინის საზღვრიდან ჯარების მუდმივი ბაზირების ადგილებზე გაყვანის ბრძანება გასცა.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც "რაიონში დაძაბულობა მოგვარდა", – განმარტა მან.

„ჩვენი კონკრეტული სამუშაოების შემდეგ, უკრაინელებმა მთლიანად გაიყვანეს დამატებითი ჯარები <...> ბელარუს-უკრაინის სასაზღვრო ზონიდან. მდგომარეობა დასტაბილურდა. <…> ამიტომ, ჩვენი ჯარები საზღვრიდან უნდა გაიყვანონ. რათა მათ გაიგონ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ აქ ბრძოლას და ჩვენი შეიარაღებული ძალების კონცენტრირებას, გარდა სპეციალური ოპერაციების ძალებისა“, - განაცხადა ლუკაშენკომ სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელების მონაწილეობით გამართულ შეხვედრაზე.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს "არასაჭირო მოვლენები".

შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ ბელარუსს ახლა უკრაინელებთან არანაირი „გართულება“ არ აქვს. მან დასძინა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან განიხილოს შემდგომი ნაბიჯები და მოუწოდა კიევს, "სწრაფად მოლაპარაკებისკენ" მშვიდობის შესახებ.