საქართველო, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი გახდა ასამბლეის ყველა წევრის სრული მხარდაჭერით! ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას მხარი 22-მა ქვეყანამ დაუჭირა.

საქართველოს პარლამენტმა 2021 წელს ოფიციალურად მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას სტატუსის შეცვლის თაობაზე და დღეს დადგა ისტორიული შედეგი, როდესაც ოფიციალურად ასამბლეაში ვიქნებით ასოცირებული წევრის სტატუსით წარმოდგენილი.

გარდა ამისა, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ ბოლო პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს ასამბლეაში ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია.რეზოლუციის პროექტი, საერთაშორისო ფრანკოფონიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება და წვლილი შეაქვს საერთაშორისო სოლიდარობის, დემოკრატიისა და მშვიდობის განმტკიცებაში.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ფრანსის დრუენთან "აიპრესმა" ინტერვიუ ჩაწერა.

ბატონო პრეზიდენტო, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომელსაც მხარი 22-მა ქვეყანამ დაუჭირა და საქართველო გახდა ფრანკოფონიული ქვეყნების ასოცირებული წევრი. რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება? 

მე ვფიქრობ, რომ უკვე დროა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის მოდერნიზება მოხდეს. თავიდან, როდესაც შეიქმნა ასამბლეა, მთავარი პირობა მასში გასაწევრიანებლად ის იყო, რომ ქვეყანა უნდა ყოფილიყო ფრანგულენოვანი. ოფიციალური ენა, ერთ-ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ფრანგული. მოგეხსენებათ, საქართველოს შემთხვევაში ასე არ არის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფრანკოფონია უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ფრანგული ენა. ეს არის დემოკრატიული ორგანო, რომელიც აწყობილი უნდა იყოს დიპლომატიურ ურთიერთობებზე

 რა მნიშვნელოვანი გეგმები გაქვთ საქართველოსთან დაკავშირებით და რამდენად ძლიერ პარტნიორს ხედავთ ჩვენი ქვეყნის სახით?

საქართველო უდავოდ ძლიერი და სანდო პარტნიორია. მე პირველად ვარ საქართველოში და მქონდა პატივი შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერმინისტრს, რომელიც საოცრად საუბრობს ფრანგულად.

ასევე შეხვედრები და გვქონდა ქართული სექციის ხელმძღვანელთან დავით სონღულაშვილთან, რომელსაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ საოცარი დახვედრისთვის.არაერთი სადისკუსიო პანელი გვქონდა, სადაც ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ და დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გზები.

თქვით რომ პირველად ხართ საქართველოში. როგორია თქვენი შთაბეჭდილებები ჩვენს ქვეყანაზე?

საქართველო საოცარი ქვეყანაა, ასეთი გულთბილი დახვედრა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ქართული სიმღერა და ცეკვა მართლაც სასწაულია. და რაც მთავარია ქართული ღვინო და ქართული კერძები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს... განსაკუთრებით ის კერძი, როგორ ჰქვია?

ხინკალი?

რა თქმა უნდა, ხინკალი! შევეცდები, რომ დარჩენილი ცოტა დრო მაქსიმალურად გამოვიყენო თქვენი ქვეყნის გასაცნობად.

ეს დრო ალბათ არ გეყოფათ, კიდევ ერთხელ გვეწვიეთ...

აუცილებლად! ამ ვიზიტზე უკვე ვიყავი კონფლიქტისპირა სოფლებში. ძალიან მძიმეა ამის ყურება..

დიახ, ეს ჩვენი დიდი ტკივილია. რა თქმა უნდა, გეცოდინებათ, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ...

დიახ, ვიცით, რაც  მოხდა 2008 წლის ომის დროს და სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

ერთ-ერთ პანელზე განიხილეთ თემა, რომელიც მსოფლიოს მთავარ გამოწვევას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხებოდა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს დეზინფორმაციის უდიდესი ნაკადის შესაჩერებლად?

ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის. მთავარი მოთამაშეები, რომლებიც დაკავებულები არიან დეზინფორმაციის გავრცელებით, ხელს უწყობენ დესტაბილიზაციას და დემოკრატიული პროცესების შეფერხებას. ძალიან ხშირად, ადამიანები ისე ხდებიან დეზინფორმაციის მსხვერპლნი, რომ ვერც კი ხვდებიან ამას.

თუ არ ვცდები, სწორედ თქვენმა ქვეყანამ, კანადამ მიიღო კანონი დეზინფორმაციის წინააღმდეგ...

დიახ, მე კანადას წარმოვადგენ და ჩვენ მივიღეთ კანონი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბრძოლას დეზინფორმაციის წინააღმდეგ, მინდა გითხრათ, რომ თქვენ, მედიას გეკისრებათ ძალიან დიდი როლი ამაში. ვფიქრობ, ჟურნალისტებმა სპეციალური გადამზადებაც უნდა გაიარონ ამისთვის.

და ბოლო კითხვას დაგისვამთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანს - როგორ ფიქრობთ, იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობას?

მე, როგორც უკვე მოგახსენეთ, კანადის დეპუტაციას წარმოვადგენ და დიდი გავლენა არ მაქვს ევროკავშირის ქვეყნებზე, მაგრამ საქართველო უკვე გახდა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრი და მას აქვს დიდი შანსი სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად იმუშაოს ამ საკითხზე. ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდან.