ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო სარგებლობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი გრძელდება. ამჟამად, წყალარინების ქსელი ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N2 კორპუსის ტერიტორიაზე რეაბილიტირდება.
ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს, გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ინფრასტრუქტურის განყოფილების დაკვეთით, ასფალტის საფარი დაიგება.
კანონმდებლობით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა ეკისრებათ მესაკუთრეებს.
გადაწყვეტილებების მიღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით ხდება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.