ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ მიხედვით, ამორტიზებული ლიფტების განახლების პროცესი სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება.

სულ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ამხანაგობების მიმართვის საფუძველზე, 67 ძველი ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა, აქედან 15 პროექტი დასრულებულია, ხოლო 52 - მიმდინარეობს. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან 2 681 155 ლარი გამოიყო. კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ.

გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.