ქვეყანა რომ იცლება და ყოველწლიურად ათეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე რჩება უცხოეთში, ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ასეთი მძიმე სურათი თუ იყო, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. დღეს არ დარჩა დიდი თუ პატარა მედიასაშუალება, ამაზე რომ არ საუბრობდეს. რატომ ახლა და არა მანამდე? ამის მიზეზი ახსნილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში, რომელიც, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დღემდე არავის გაუკეთებია. იგულისხმება მისი მეორე სვეტი. - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"საქართველოს სტატისტიკის სამსახური ყოველწლიურად აქვეყნებს მიგრაციულ სალდოს, რომელიც არის სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნებას შორის წლის განმავლობაში. 2012-2022 წლის მონაცემებს თუ დავაკვირდებით( ცხრილის პირველი სვეტი), საგანგაშო არაფერი ჩანს, სულ რაღაც 19 ათასით აღემატება ქვეყნიდან წასულთა რაოდენობა უკან დაბრუნებულებს. მაგრამ თუ მონაცემებიდან ცალკე გამოვყოფთ საქართველოს მოქალაქეებს, ვღებულობთ საშინელ სურათს: მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვა 87 ათასით მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, ვიდრე დაბრუნდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში 245 ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და დარჩა უცხოეთში ემიგრანტის სტატუსით.
მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან გახდა შესაძლებელი მიგრაციულ სალდოში სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება, ამ კუთხით მონაცემების დამუშავება არც საქსტატს და არც სხვა ვინმეს არ უცდია.
აღნიშნული საკითხი შეისწავლა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” სპეციალისტებმა და ყველა ტექსტი, გრაფიკი თუ დიაგრამა, რომელიც დღეს მედიაში ვრცელდება, არის მათ მიერ დამუშავებული. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ჩემი ყოფილი თანაშემწისა და ახლა უკვე “ევროოპტიმისტების” აპარატის ხელმძღვანელის, მურად მიქელაძის როლი ამ კვლევის მომზადებაში.
დიაგნოზის გარეშე რომ განკურნება შეუძლებელია, ანბანური ჭეშმარიტებაა. დემოგრაფიული კრიზისის შინაარსი ნათელია, ახლა უკვე სერიოზული ქმედებებია საჭირო, რაც ცალკე და ვრცელი საუბრის თემაა."