მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „Airbus Helicopters” -ის აღმასრულებელ დირექტორს ბრუნო ივენს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, კერძოდ კი, აღინიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით გააფორმა ხელშეკრულება. "H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. მიუხედავად პანდემიის წლებში ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, ქვეყანამ მოლოდინს გადააჭარბა და ისევე, როგორც 2021 წელს, 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.