National Geographic საქართველოს იანვრის ნომრის გარეკანს თაღოვანი აისბერგი და არქტიკის ყინულოვან წყლებში მოდრეიფე წითელაფრიანი გემი ამშვენებს. გრენლანდიის ნაპირის ეს ზღაპრული ადგილი National Geographic Traveller-ის გუნდის ინტერესის არეალში მოექცა.
სტატია „შეკლტონის დაკარგული ხომალდის ძიებაში“ მოგვითხრობს ჩვენი დროის მკვლევართა მიერ გაწეულ ურთულეს სამუშაოზე, რომლის შედეგადაც მიაგნეს საუკუნის წინ ანტარქტიკის ყინულის ქვეშ გაუჩინარებულ გემს სახელწოდებით Endurance (ინგლ. „სიმტკიცე“, „გამძლეობა“). ექსპედიციის ხელმძღვანელმა ერნესტ შეკლტონმა ჩაძირული ხომალდის მთელი ეკიპაჟი უვნებლად გაიყვანა სამშვიდობოს.
იანვრის ნომერი გვიყვება კაქტუსების არაჩვეულებრივი ადაპტაციური თვისების შესახებ, იმ საკონსერვაციო სტრატეგიაზე, რომელსაც ახალი ზელანდია მიმართავს ენდემური სახეობების გადასარჩენად.
რუბრიკა „საქართველოს ევროპული ისტორია” ტრადიციულად გაგაცნობთ ევროპის არქივებში შემონახულ ცნობებს საქართველოზე. ესაა 1695, 1696, 1723 და 1730 წლებში პარიზში გამოცემული რუკები, რომლის ავტორი საფრანგეთის მეფის, ლუი XIV-ისა და ესპანეთის მეფის, ფილიპე V-ის ოფიციალური კარტოგრაფია. საუკუნეების განმავლობაში ევროპაში მოღვაწე მრავალ კარტოგრაფს შორის, ნიკოლა დე ფერი ერთადერთი ევროპელი კარტოგრაფია, რომელმაც თავის რუკებზე არა მხოლოდ საქართველო, არამედ მასთან დაკავშირებული ილუსტრაციებიც დაიტანა.
ჟურნალი National Geographic 25 ენაზე 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. მათ შორისაა საქართველოც, სადაც კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, 2012 წლიდან ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი ეს უნიკალური გამოცემა. ერთ სამეცნიერო ჟურნალში ყოველთვიურად თავს იყრის მრავალფეროვანი თემები, ავტორთა სტატიები, უახლესი სამეცნიერო კვლევები, პროფესიონალი ფოტოგრაფების მიერ აღბეჭდილი უნიკალური კადრები, საბუნებისმეტყველო, ისტორიული, ტექნოლოგიური თუ სოციალურ- ეკონომიკური სიახლეები.
ექსკლუზიურ ფასად ჟურნალის შეძენა შესაძლებელია თბილისში, სილქნეტის სამ ოფისში: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1; ცინცაძის #2; ყაზბეგის #14; ასევე, სილქნეტის მომხმარებელი, ჟურნალის გამოწერის შემთხვევაში, ფასდაკლებით მიიღებს ყოველ ახალ ნომერს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე. სტუდენტებისთვის მოქმედებს ფასდაკლება.