„26 ივნისს უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შესაბამისად, ჩვენ ოპერატიულად დავიწყეთ იმაზე ზრუნვა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ქართული ფეხბურთის ქომაგებს გერმანიაში ჩასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. დღეს შევძელით და გასაყიდად გამოვიტანეთ 4 ჩარტერული რეისი.
შედეგმა აბსოლუტურ მოლოდინს გადააჭარბა - გაყიდვის დაწყებიდან 15 წუთში, ფაქტობრივად, ყველა რეისი სრულად იყო გამოსყიდული. ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან და არსებულ 4 ჩარტერულ რეისს კიდევ სამი ფრენა დაემატება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დამატებითი ჩარტერულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება. კერძოდ, პორტალ TKT.GE - ზე გაიყიდება ბილეთები კიოლნი - თბილისის მიმართულებით და ქართველი გულშემატკივრები სუბსიდირებული ბილეთებით შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას.
“ფეხბურთის უამრავი ქომაგი გვეუბნება, რომ არ ყოფილიყო ჩარტერული რეისები, საქართველოს ამდენი მოქალაქე ვერ შეძლებდა, გერმანიაშივე ეგულშემატკივრა ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის. ჩარტერულმა რეისებმა მოგვცა ზუსტად ის ეფექტი, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, საქართველოს ძალიან ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ამ ჩარტერული რეისებით. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენი ჩვენი მოქალაქე ესწრებოდა სამივე მატჩს და ვფიქრობ, ჩვენც შევიტანეთ პატარა წვლილი ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ პროცესში,” - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში და იმედი გამოთქვა, რომ 30 ივნისს საქართველო კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეროვნულმა ნაკრებმა საქართველო სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა, რაც უდიდესი მნიშვნელობის იქნება ჩვენი ქვეყნის სწორი პოზიციონირების და ცნობადობის გაზრდის თვალსაზრისით.