პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრო საქართველოს ელჩი ყაზახეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი.
ლევან დავითაშვილმა და ოლჟას ბეკტენოვმა საუბრისას აქცენტი გააკეთეს საქართველო-ყაზახეთის პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამასთან, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ყაზახეთის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგამბულობა, სამოქალაქო ავიაცია, ტურიზმი, ინვესტიციები და სხვ. ხაზი გაესვა ტრანსკასპიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მარშრუტის შემდგომი განვითარების და ამ პროცესში თანამშრომლობის საკითხს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2023 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 168 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ სავაჭრო პოტენციალი გაცილებით დიდია. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში - აღინიშნა, რომ 2023 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების პირველ ათეულშია და ეს დადებითი დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებები და მათი რეალიზების მნიშვნელობა იყო. აღსანიშნავია, რომ კომისიის მორიგი, პლენარული სხდომა პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის თანათავმჯდომარეობით 20 სექტემბერს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.