წინანდლის ფესტივალმა მეექვსე სეზონს უმასპინძლა და მსოფლიოში აღიარებული შემსრულებლები, ხელოვნების მოყვარულები, კლასიკური მუსიკის გარშემო კიდევ ერთხელ გააერთიანა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მევიოლინე ჯოშუა ბელი ფესტივალს უკვე მეორედ ესტუმრა. მუსიკოსმა საინტერესო და მრავალფეროვანი რეპერტუარით, სამ დაუვიწყარ კონცერტში მიიღო მონაწილეობა. პანკავკასიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა ჰენრიხ ვინიავსკის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოები - მეორე სავიოლინო კონცერტი.
„ვინიავსკი ჩემთვის სრულყოფილებაა. მას იშვიათად უკრავენ. მოხარული ვარ, რომ მომეცა ამ ნაწარმოების შესრულების შესაძლებლობა წინანდალში. აქ განსაკუთრებული ატმოსფეროა და მგრძნობიარე მსმენელი. კონცერტს ჩემი ფავორიტი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა. ვგრძნობდი პანკავკასიური ორკესტრის ახალგაზრდულ ენერგეტიკას. მქონდა შესაძლებლობა მათთვის გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. ძალიან ნიჭიერები არიან და წინანდლის ფესტივალისგან ბევრს იღებენ. აუცილებლად დავბრუნდები აქ.“ - ჯოშუა ბელი.
საფესტივალო დღეებში ჯოშუა ბელი შეუერთდა კამერული მუსიკის კიდევ ორ კონცერტს. მასთან ერთად მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები: ჯერემი დენკი (ფორტეპიანო), პიერ ჟენისონი (კლარნეტი), ირენ დუვალი (ვიოლინო), სტივენ ისერლისი (ჩელო), ბლაით თეი ენგსტრომი (ალტი).
მევიოლინე არაერთხელ დასახელებულა წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად. მისდამი ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. ხშირად უძღვნიან აქტუალურ მასალებს ისეთი გამოცემები, როგორიცაა «The New York Times», «Newsweek», «Gramophone», «USA Today». ის უნიკალური ინსტრუმენტის მფლობელია, უკრავს «Gibson ex Huberman» სტრადივარიუსის ვიოლინოზე და იყენებს XVIII საუკუნის ფრანგი ოსტატის, ფრანსუა ტურტის მიერ შექმნილ ხემს.
წინანდლის ფესტივალს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ცნობადობის გაზრდის საქმეში და მსოფლიო კულტურულ რუკაზე უმკვიდრებს ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს, ამავე დროს ზღვა შესაძლებლობას უქმნის დამწყებ მუსიკოსებს.
წინანდლის ფესტივალს 2019 წლიდან კომპანია სილქნეტი წარადგენს.