ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე Amidi Group-ისა და მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ აქსელერატორი კომპანიის Plug and Play-ის დამფუძნებელ საიდ ამიდს თბილისის ტექნოპარკში შეხვდნენ.

მხარეებმა სააგენტოს რეფორმებსა და GITA 2.0 - ის კონცეფციაზე ისაუბრეს, რომლის ფარგლებშიც ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი აქსელერაციის პროგრამას საქართველოში განახორციელებს. Plug and Play დაინტერესებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს რეგიონალური მასშტაბის აქსელერატორი, შესაბამისად მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის საკითხს და ამ პროცესში Amidi Group-ის შესაძლო ჩართულობას. ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფუნქციაზე. სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით IT ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებული პროექტებისა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული პოტენციალის შესახებ.