საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები დიდი ბრიტანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 31:24 დაამარცხა.
„საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ვახტანგ ხარებაშვილი დასახელდა, რომელიც ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა.
18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატში, საქართველოს გარდა, ბელგიის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, კოსოვოსა და კვიპროსის გუნდები მონაწილეობენ. კონტინენტის პირველობა 2 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით თელავის სპორტის სასახლეში გაიმართება.
საქართველოს 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები შემდეგ შეხვედრას ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ 3 აგვისტოს, 18:15 წუთზე, გამართავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.




