“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში პირველი შეხვედრა გამართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ახალგაზრდების როლზე ევროინტეგრაციის გზაზე, მათ ჩართულობაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომავლო გეგმებზე.

“დღეს შევხვდით ახალგაზრდებს. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო შეხვედრა რადგან ვფიქრობ, რომ იმ გამარჯვებაში, რომელიც ერთად უნდა მოვიპოვოთ ახალგაზრდებს აქვთ განსაკუთრებული როლი, მათ შორის ის, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს თავის ღირსეულ ადგილს ევროპაში, ეს არის მეტწილად სწორედ ახალგაზრდების დამსახურება, ამიტომ ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი მე ვიტყოდი არის სწორედ ის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ახალგაზრდების გააქტიურება და მობილიზაცია მათ შორის საარჩევნოდ იმისთვის, რომ ეს საპროტესტო მუხტი საბოლოო ჯამში კონვერტირდეს არჩევნებში გამარჯვებაში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ