საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალსა და ჩინეთში მომხდარი წყალდიდობის გამო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გავრცელებულ პოსტშია აღნიშნული.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ნეპალსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაკარგულთა ოჯახებს და ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ყველა ადამიანს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ მიმდინარე სამაშველო ოპერაციებს, ყველას, ვინც დაუღალავად მუშაობს დაზარალებულთა დასახმარებლად“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

ნეპალის პოლიციის ბოლო მონაცემებით, წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 270-ს გადააჭარბა, 1000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.