კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა - ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია მოხდება.

„დღეს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენ არ გვყოლია ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო საკუთარი თავის დელეგიტიმაცია. ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა. ხელისუფლება წავიდა კონსტიტუციის წინააღმდეგ. თუ ბოლომდე მიიყვანენ ამ საქმეს, მოხდება მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია იმიტომ, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმი, რომელიც დაუწესდება უკლებლივ ყველა დეპუტატს, რომელიც მხარს დაუჭერს ამ კანონს, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენენ რუსეთის წარმომადგენლები და არა საქართველოსი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა