მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც პოლიციელების ძალადობაა ასახული.
„ამ მართლაც საშინელ ფაქტზე საქმის კურსში ვიყავი დეტალურად, იმიტომ, რომ ჩვენს სამსახურსაც ჰქონდა ეს ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში, პრაქტიკულად ოთხი დღის განმავლობაში სამართალდამცავმა სისტემამ მოახერხა, ძალიან მცირე ინფორმაციიდან გასულიყო ბოლომდე და სამი-ოთხი დღის განმავლობაში შედეგი დადებულიყო, დაკავებული ყოფილიყვნენ მოძალადე პოლიციელები. 19 თუ 20 თებერვალს, გენერალურმა ინსპექციამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ოთხი წლით ადრე ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივ, საზარელ ფაქტს და ამის შესახებ არცერთი შეტყობინება, არცერთი ინფორმაცია არ იყო არსად. 2022 წელს, როცა ეს დანაშაული მოხდა, შეტყობინება არ იყო დაფიქსირებული არსად, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და ოთხი წლის განმავლობაში ეს იყო მიჩქმალული ფაქტი. ამიტომ, რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, არავისთვის ეს ცნობილი არ იყო. იმის გამო, რომ გადაღებული კადრები ერთ-ორ ადამიანთან მოხვდა, ისევ თავის წრეში დაატრიალეს, ამის შესახებ მიღებული იყო ინფორმაცია და ამაზე იყო მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ვიცე-პრემიერის თქმით, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს, ამის შესახებ სამართალდამცავმა სისტემამ გაავრცელა ინფორმაცია და ეს ცნობილი იყო იმ მედიასაშუალებისთვის, რომელმაც კადრები გაავრცელა.
„კადრები აქამდეც ჰქონდათ, არ ვიცი დღეს და გუშინ რას ელოდებოდნენ, რას დაამთხვიეს და რა მიზნები აქვთ. წლების განმავლობაში ბევრჯერ ვნახეთ, რომ წმინდა პიარული მიზნები აქვთ და არანაირი ემპათია ვიღაცის მიმართ მათ არ ამოძრავებთ. რეალურად, გახსნილ საქმეზე, რომელიც ოთხი წლის მერე გაიხსნა, არავინ რომ არ იცოდა და რომ არ გახსნილიყო, ვერც ამ კადრებს ვერ ნახავდა ვერავინ. ჩვენს მიერ გახსნილ საქმეს ატრიალებენ, რომ ჩვენ რაღაც დანაშაული ჩავიდინეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებით, „აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით“.











