„კონკრეტულად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ფრენები უკანონოა და ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით. საქართველოს დიპლომატიური სამსახური მუდმივად აგრძელებს მუშაობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გვაქვს, რაიმე ინსტრუმენტი გამოვიყენოთ ჩვენი გაცხადებული მიზნის – კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მისაღწევად"– ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში ინტერპელაციისას განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება კარგად ჩანს საერთაშორისო სასამართლოების 2021-2025 წლების გადაწყვეტილებებშიც. ეს არის ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლის შედეგები, რომლითაც სამართლებრივად ვამტკიცებთ  ჩვენს პოზიციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამ მოცემულობაში, როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლისა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე საუბარი ვერ იქნება. ასევე, არარელევანტურია საუბარი ნეიტრალიტეტის საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ასევე იყო კითხვები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.