ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, წამება, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და განმარტა, რომ ამ პირობებში „ნაციონალების“ მხრიდან „ვარდების რევოლუციაზე“ საუბარი თავხედობაა.

„იცით, „ვარდების რევოლუციამ“ რა მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ეს იყო ადამიანების უფლებების ტოტალური ხელყოფა, ადამიანების ღირსების ხელყოფა, ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა. ეს იყო ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების ტოტალური გაყალბება და ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის გადაცემა რუსეთის ფედერაციისთვის – ეს არის „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა. ასეთ დროს „ნაციონალების“ მხრიდან საუბარი „ვარდების რევოლუციაზე“, არის უბრალოდ თავხედობა და მეტი არაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შიდა დაპირისპირების ხარჯზე მცირდება და არავითარ დოკუმენტს არ აქვს დაპირისპირების დასრულების რესურსი.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობის“ შიგნით წარმართულ პროცესებს, ამ პარტიას აღარაფერი ეშველება, დაღმა მიდის მათი რეიტინგი და ეს ასე გაგრძელდება, ვიდრე გრძელდება კინკლაობა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. ამის რესურსი არავითარ დოკუმენტს არ აქვს, ბუნებრივია, კინკლაობა გაგრძელდება და დაპირისპირება გაგრძელდება. ეს ყველაფერი კარგია. კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მცირდება ამ კინკლაობის და დაპირისპირების ხარჯზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.