"ძვირფასო კოლეგებო, არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს სიმართლე არ არის. დღეს ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული. საქართველო და ქართველებო, თქვენ არ დაკარგულხართ ჩვენთვის, ევროკავშირისთვის.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამას ადასტურებს წერილი, რომელიც პარტია „დროას“ ლიდერისგან, ელენე ხოშტარიასგან მიიღო.
ამასთან, რასა იუკნევიჩიენემ წაიკითხა ელენე ხოშტარიას წერილი.
„ძვირფასო რასა, პატივისცემით ვარ განწყობილი, რომ ჩემი სახელი საქართველოს დღის წესრიგშია. რა თქმა უნდა, ეს ჩემზე კი არა, არამედ ქართველ ხალხზეა, რომელმაც რუსეთთან ბრძოლაში წარმოუდგენელი გამძლეობა გამოიჩინა. ეს არ არის ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ერის ღირსებისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის ბრძოლა. მინდა, იცოდეთ, რომ მზად ვარ, დავრჩე პატიმრობაში ,რა დროც დასჭირდება, ჩემი პირადი პატიმრობა არ მაწუხებს. მთავარია, საკმარისი ყურადღება მივმართოთ სტრატეგიულ გამოწვევებზე, რომლებსაც ევროპა საქართველოში აწყდება. თქვენ ამას წარმატებით აკეთებთ. ბიძინა ივანიშვილს, შესაძლოა, ჩვენი გამოყენება სურდეს გამოსასყიდად, მძევლებად. ეს არ უნდა მოხდეს. მე პირად თავისუფლებას არ ვეძებ. ვეძებ თავისუფლებას ქართველი ხალხისთვის, ვინაიდან ქართველი ხალხი ბრძოლისკენაა მიმართული, ჩვენც, პოლიტიკური პატიმრები, ბრძოლისკენ ვართ მიმართული და ვინაიდან თქვენც, ჩვენი მეგობრებიც ბრძოლისკენ ხართ მიმართული, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ხოშტარიას წერილში, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში კოლეგებს გააცნო.








