კიევი უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის შეხვედრას ამზადებს, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის ერთიანი ევროპული პოზიციის შემუშავებას უნდა დაეხმაროს, ხოლო ევროპა, შესაძლოა, მოლაპარაკებების პროცესის სრულფასოვანი მონაწილე გახდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვიდან ხდება ცნობილი.
"ვამზადებთ "მსურველთა კოალიციის" შეხვედრას — ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, შესაძლოა, ისტორიულიც კი. შეგვიძლია, მოლაპარაკებებისთვის 100 პროცენტით ძლიერი ევროპული პოზიცია განვსაზღვროთ. სამმხრივი ფორმატი — უკრაინა, ამერიკა, რუსეთი — უნდა გახდეს არა უბრალოდ ოთხმხრივი ფორმატი, არამედ გაცილებით ძლიერი", — მიიჩნევს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, საუბარია "მსურველთა კოალიციის" უახლოეს შეხვედრაზე, რომლის გამართვაც 19 ნოემბერს ბერლინში იგეგმება, თუ ცალკე სამიტის მომზადებაზე.
"მსურველთა კოალიციაში" 37 ქვეყანა შედის — უმეტესად ეს ევროპული სახელმწიფოები და ის ქვეყნებია, რომლებიც უკრაინას რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებაში სამხედრო დახმარებას უწევენ. გაერთიანების არაფორმალური ლიდერები საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია არიან.




