19 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინას ირანიდან მიღებული ახალი დრონებით შეუტია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) ქვეყნების ლიდერების შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესცენტრის ცნობით, ღამით თავდაცვის ძალებმა 30 კამიკაძე დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზუსტად არის დადგენილი გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების საერთო რაოდენობა და მათი მწარმოებელი.

"მე რაოდენობაზეც და სახელზეც საკმაოდ კონკრეტულად ვსაუბრობ. ეს არის Shahed-ის დრონი, რომლის ახალი პარტიაც ირანმა რუსეთს გადასცა. 250 ერთეული - ამდენი კამიკაძე დრონი მიიღო ტერორისტულმა სახელმწიფომ", - თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსული უპილოტო საფრენი აპარატების, ისევე, როგორც რაკეტების მთავარი სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა და ყოველი მასიური თავდასხმა იწვევს რეგიონების მთლიან ჩაბნელებას.

"მხოლოდ ერთმა ბოლოდროინდელმა მასიურმა თავდასხმამ ჩვენს 20 მილიონზე მეტ მოქალაქეზე იმოქმედა. შედეგად, მილიონიანი ქალაქები და უკრაინის რეგიონების უმეტესობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საერთო ჯამში, 16 დეკემბრის საღამოს 22 მილიონ 408 ათასი უკრაინელი იყო ელექტრომომარაგებიდან გათიშული. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დარჩა წყლისა და გათბობის გარეშე. წარმოიდგინეთ ამ ტერორის მასშტაბები. წარმოიდგინეთ, რომ მისი შეჩერება შესაძლებელია", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან სამიტზე შეკრებილ ლიდერებს მოუწოდა, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლითაც ჩაიკეტება უკრაინის ცა და გაძლიერდება მისი თავდაცვა.