აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ აქვს უფლება, "ცალმხრივად გაათავისუფლოს საოლქო სასამართლოს მიერ დანიშნული აშშ-ის პროკურორი", იტყობინება გამოცემა Politico ფედერალური მოსამართლის, სტენლი ბასტიანის დადგენილებაზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია როჯერ როგოფის სარჩელის შედეგად, რომელიც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ვაშინგტონის შტატის დასავლეთ ოლქის ფედერალური პროკურორის თანამდებობიდან საოლქო სასამართლოს მიერ მისი დანიშვნისთანავე გაათავისუფლა და მის სანაცვლოდ ტრამპისადმი ლოიალური ჩარლზ ნილ ფლოიდი დანიშნა.
მსგავსი ჩანაცვლებები, ხაზგასმით აღნიშნა ფედერალურმა მოსამართლემ, "დაარღვევდა კონსტიტუციითა და კანონებით დადგენილ სისტემას, რომელიც ერთობლივად უზრუნველყოფს ბალანსს: პრეზიდენტის უფლებას — დანიშნოს თანამდებობის პირები და სენატის უფლებას — დაამტკიცოს მათი კანდიდატურები". სტენლი ბასტიანმა აღნიშნა, რომ როჯერ როგოფი კვლავ რჩება ფედერალურ პროკურორად და ამ თანამდებობას იკავებს 15 ივლისს ფიცის დადების მომენტიდან, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მის ადგილას "არასათანადოდ" დანიშნულ ფლოიდს არ გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება.
საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ თხოვნით, სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში შეაჩეროს ბასტიანის გადაწყვეტილების მოქმედება, წერს Politico.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არაერთხელ შეეცადა გვერდი აევლო აშშ-ის სენატის მიერ კანდიდატურების დამტკიცების პროცედურისთვის, რათა ქვეყნის მაღალ თანამდებობებზე პრეზიდენტისადმი ლოიალური პირები დაენიშნა. "იმ შემთხვევებში, როდესაც საოლქო მოსამართლეები იყენებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას აშშ-ის პროკურორის თანამდებობაზე სხვა პირის შესარჩევად, ტრამპი ამ პირს ათავისუფლებდა", — ნათქვამია სტატიაში.
აშშ-ის კანონმდებლობით, ფედერალური პროკურორების კანდიდატურებს წარადგენს ქვეყნის პრეზიდენტი, რის შემდეგაც მათ ამტკიცებს სენატი. თუ თანამდებობა ვაკანტური რჩება, აშშ-ის გენერალური პროკურორი ნიშნავს დროებით ფედერალურ პროკურორს 120 დღის ვადით. ხოლო თუ მუდმივი პროკურორი ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც არ იქნება დამტკიცებული, კანდიდატის შერჩევის უფლებამოსილება გადადის საოლქო ფედერალურ სასამართლოზე.




